საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — იური კასრაძე // იური კასრაძე (1911–1991) — საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაბადების ადგილი: სოფელი ალი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობითა და ავტორობით დაპროექტდა „საქენერგოს“ ადმინისტრაციული შენობა, ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი, იპოდრომი (თბილისში), 250-ადგილიანი სასტუმრო ქ. თბილისის აეროპორტში, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო „ინტურისტი“ და სპორტკომპლექსი გორში, კულტურის სახლი ონში, საჭიდაო დარბაზები კასპსა და საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები თბილისში; იყო 1951–1953 წწ. მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამამულო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ. 281-282 // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი, 2019.