2002 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც აღიარებულ იქნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და განისაზღვრა მისი სამართლებრივი სტატუსი. ამ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს — სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იხილეთ სრულად: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2002-10-22).